
საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი, ნინო კოტარია ტაბულასთან ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის"წევრს პარლამენტში ფოტოს არა, მაგრამ ვიდეოებს უღებდა.
ნინო კოტარიასამის შესახებ განცხადებების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ფეისბუქ გვერდზე, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს, GDI-ის წევრის ფოტო გავრცელდა, შემდეგ კი გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იღებს ედუარდ მარიკაშვილს პროკურატურის თანამშრომელი.
"კი, მე ვარ, ვიდეოებს ვიღებდი და ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ვდებდი, სადაც მეგობრები არიან. იქ მერე უკვე ვის რა შეხება ჰქონდა, სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ფოტოზე ვერაფერს გეტყვი", - ამბობს კოტარია.
ტაბულასკითხვას, რომ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მარიკაშვილისკენმობილურის მიმართვა რამდენიმე წამის განმავლობაშიც კი არ გრძელდება და ეს უფრო ფოტოს გადაღებას ჰგავს, ვიდრე ვიდეოს, პროკურატურის თანამშრომელი პირდაპირ არ პასუხობს:
"ტელეფონი ფაქტობრივად, სულ ხელში მიჭირავს. ეს მომენტი მართლა არ მახსოვს. ვიდეოებს ნამდვილად ვიღებდი, ფოტოები არ გადამიღია".
ვინ არის იმ "დახურულ ჯგუფში", რომელშიც, ნინო კოტარიას თქმით, პარლამენტში GDI-ის წევრისთვის გადაღებულ ვიდეოებს ტვირთავდა, არ აკონკრეტებს. პროკურატურის თანამშრომელი ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჯგუფი მეგობრებისაადა "დახურული იმიტომ ჰქვია, რომ დახურულია".
"არამარტო ამას, სხვა ვიდეოებსაცვიღებდი, ზოგს ვშიფრავდი, ჩვეულებრივად ვმუშაობდი...", - ამბობს ნინო კოტარია.
ტაბულამმას ასევე ჰკითხა, თუ შეადარა "ერთიანი პროვოკაციული მოძრაობის"ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ფოტო და მის მიერ გადაღებული ვიდეო ერთმანეთს და ემთხვევა თუ არა რაკურსი, ან გამოსახულების ხარისხი. ნინო კოტარია ამ შეკითხვას არ პასუხობს.
"ერთიანი პროვოკაციული მოძრაობის"ფოტოზე ჩანს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც შალვა თადუმაძესუსმენდნენ, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის"წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ესაუბრება.
"ეს ფოტო არის იმის ნათელი მაგალითი რომ ჩვენს ქვეყანაში ენჯეოსექტორი არ არსებობს და რეალურად ნაცების რუპორები არიან" - წერს Facebook გვერდი, რომელიც წლებია, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის დეზინფორმაციული და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისა, თუ ჯგუფების "გაშავებას"ცდილობს.
ამ ფაქტს ფოტოზე გამოსახული ედუარდ მარიკაშვილიგამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ დროს იქ მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა, ვისაც ამ ფოტოს გადაღება შეეძლო და ის კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძესთანერთად მივიდა. მარიკაშვილისთქმით, იგივე ადამიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, მამუკა ვასაძეს, ახლდა.
"ეს მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ პროკურატურაში უნდა მუშაობდეს. ანუ, რა გამოდის, როგორ მოხვდა ფოტო შავი პიარის გვერდზე", - წერს მარიკაშვილი.
მოგვიანებით მან სხდომაზე გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ფოტოს გადაღების მომენტი ჩანს.
GDI-ის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ მსგავსი სიძულვილის ენის შემცველი გვერდების უკან სწორედ ხელისუფლება დგას.
"ის, რაც თვალსაჩინოდ ჩანს, სხვა ინტერპრეტაციის საშუალებას მე არ მიტოვებს. ის, რაც მანამდე იყო ეჭვი, დღეს ფაქტობრივად დადასტურდა,"- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
10 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა კანდიდატის მოსმენას ესწრებოდა, გიორგი მშვენიერაძეს დღეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შენობაში არ უშვებდა და არც მიზეზს ეუბნებოდა.
მოგვიანებით, მშვენიერაძე სხდომაზე დაუშვეს, თუმცა თადუმაძემ მისი და კოალიციის "სამართლიანი მართლმსაჯულება"სხვა წევრების შეკითხვებს პასუხები არ გასცა.