
2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $403 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. შემოსული ინვესტიციების 90% ათ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაზე მოდის. რეიტინგში ინვესტიციების 24%-ით ($97 მილიონით) პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - $97 მილიონი, კლება წინა წელთან 30%
- თურქეთი - $82 მილიონი, ზრდა წინა წელთან 43%
- დიდი ბრიტანეთი - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 81%
- გაერთიანებული საემიროები - $39 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3800%
- კვიპროსი - $22 მილიონი, ზრდა წინა წელთან 214%
- ნიდერლანდები - $20 მილიონი, წლება წინა წელთან 5%
- აშშ - $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 77%
- მალტა - $14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 100%
- პანამა - $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან 300%
- დანარჩენი ქვეყნები - $22 მილიონი, კლება წინა წელთან 79%
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ კვარტალში $141 მილიონი ჩაიდო, შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი ($80მილიონი) და უძრავი ქონება ($80 მილიონი). მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციები 184%-ით გაიზარდა და ის $56 მილიონი გახდა, ასევე 28%-ით გაიზარდა ინვესტიციები სამთომომპოვებელ სექტორში და ის $9 მილიონი გახდა.
რამდენიმე სექტორში ინვესტიციების კლება შეიმჩნევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კლება შესამჩნევია ენერგეტიკის სექტორში, სადაც წელს $7 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 83%-ით ნაკლებია. ასევე 16%-იანი კლება შეიმჩნევა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში და მასში ინვესტიციები $16 მილიონს შეადგენს. სოფლის მეურნეობაში კი ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა.
უმსხვილესი ინვესტორების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა). ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.
საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.