2017 წლის მაისში ინფლაციამ ბოლო ორი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს 6.6%-ს მიაღწია - ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. საქსტატის მიხედვით, ყველაზე მაღალი - 17%-იანი ინფლაცია ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა, ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა ფასები და სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე.
სურსათში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (30% ), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11%), რძე, ყველი და კვერცხი (10% ), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8 %), ზეთი და ცხიმი (6%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7% ).
ჯანდაცვის სექტორში ფასები გაიზარდა 6.7%. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების (16.8% ) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5.3% ) ქვეჯგუფებზე.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24% ), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (11% ) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (6% );
ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს უკვე მეოთხე თვეა აჭარბებს. მაღალი ინფლაცია იყო თებერვალში - 5.5%, მარტსა - 5.4% და აპრილში - 6.1%.
საქართველოში ინფლაციის დონის მონიტორინგი ეროვნულ ბანკს ევალება. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალია სებ-ი კომერციული ბანკებისთვის ლარის რესურსის მიწოდების ღირებულებას ზრდის, (რეფინანსირების განაკვეთს აძვირებს), რითიც ეკონომიკისთვის მისაწოდებელ საკრედიტო რესურსს აძვირებს, რასაც თავისმხრივ ქვეყანაში არსებულ ერთობლივ მოთხოვნაზე აქვს გავლენა. 2 მაისის სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით 7%-მდე გაზარდა, რასაც თავისმხრივ ინლფაციის გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებაზე დადებითი ეფექტი ექნება, თუმცა ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნის შემცირების გამო ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
თუ პირიქით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლებია ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მისაწოდებელ ფულად რესურსს (რეფინანსირების განაკვეთს) აიაფებს.