
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლაზერულ ეპილაციასთან დაკავშირებით საგანგებო დეკრეტი გამოსცა, დეკრეტს კანონის ძალა აქვს, რადაგანაც თურქეთში საგანგებო მდგომრაოებაა.
თურქეთის საკანონმდებლო პორტალზე ერდოღანის დეკრეტი უკვე გამოქვეყნდა. მისი მეშვეობით, თმის ლაზერული მოცილების ოპერაციის განხორციელება მხოლოდ სპეციალური სერტიფიკატის მფლობელ დაწესებულებებში ხდება შესაძლებელი. კანონის მიღება გასული წლების მანძილზე არსებულ ათასობით შემთხვევას უკავშირდება, როდესაც ლაზერული ეპილატორის არასწორი ექსპლოატაციის შედეგად ადამიანები კანის მძიმე დამწვრობას იღებდნენ.
საგანგებო დეკრეტს ერდოღანმა პირდაპირ ეთერში, სპეციალურად ამ ცერემონიისთვის დადგმულ გადაცემა - "ლამაზი თურქეთისთვის", სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლების აპლოდისმენტების ფონზე მოაწერა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ერდოღანის აღნიშნული ნაბიჯი პოპულისტურია და ის მიზნად 16 აპრილის რეფერენდუმის წინ, საზოგადოების რაც შეიძლება მეტი წარმომადგენლის კეთილგანწყობის მოპოვებას ისახავს.
16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
საკონსტიტუციო ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, ასევე საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას.
ცვლილებები გააკრიტიკის ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალაუფლების განაწილების და საპარლამენტო ანგარიშვალდებულების გაუქმებამ. საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებმა, განაცხადეს რომ ცვლილებები გამოიწვევს პარლამენტის დაუძლურებას, ხოლო პრეზიდენტს ექნება კონტროლი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაზე.