ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, პრემიერის გიორგი გახარიას კანდიდატურას, ასევე სხვა მინისტრების კანდიდატურებს, რომლებიც დღეს დასახელდა, უმრავლესობის ნდობა და მხარდაჭერა ექნება.
"ნდობა და მხარდაჭერა გახარიას ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსაც, ცვლილებებსაც ექნება მხარდაჭერა. საზოგადოების იმ ნაწილის გარდა არსებობს საზოგადოების სხვა ნაწილიც, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც არ უნდა მცირე იყოს საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, იმათაც პასუხი უნდა გაეცეთ, რა საკვირველია, კომპეტენტური პასუხი. პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის. ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული. რაც მოხდა 20 ივნისს, მე ვფიქრობ, არის თავიდან ბოლომდე იმ ადამიანების დანაშაული, ვინც წაახალისა პარლამენტზე შეტევა", - თქვა ვოლსკიმ.
სამთავრობო ცვლილებები ქართული ოცნების ოფისში დღეს დაანონსდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს.
ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.
შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.
"ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებს და პროგრამას პარლამენტში ის დღეს წარადგენს.
ქართული ოცნების ამ განხცხადებისპარალელურად პარტიის ოფისთან აქცია"სირცხვილია"მიმდინარეობს.
ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციოაქცია სირცხვილია იმართება - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.