
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის თქმით, გორში, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენებულიაყველა საერთაშორისო მისია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს
ამის შესახებ ზვიად ზვიადაძემ სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით გუშინ და დღეს რამდენჯერმე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკომუნიკაციო საშუალება ცხელი ხაზი და ყველა ორგანიზაცია ინფორმირებულია.
"ახლა იმის გარკვევა მიმდინარეობს კონკრეტულად რამხელა ტერიტორიაა, ვინ დაზარალდა ამით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებში არის თუ არა გადმოსული ეს უკანონო კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენი თვალით ვნახეთ.
დღევანდელი დღე ალბათ ფაქტია იმისა, რომ რუსეთი არ ჩერდება, საოკუპაციო ძალა უკან არ იხევს და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია გაამწვავოს. პროვოკაციებს აწყობს, სხვას ვერაფერს დაარქმევ გუშინდელ და დღევანდელ დღეს მსგავს საქმიანობას, როდესაც ჩვენ 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ამ დიდი ტრაგედიის 11 წლისთავს აღვნიშნავთ. ინფორმაცია, რომ აქ რუსი სამხედროები რაღაც გაურკვეველ კონსტრუქციებს აწყობდნენ, გუშინ საღამოს გვქონდა", - ამბობს ზვიად ზვიადაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარისსიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს უკანონო სამუშაოები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახება.