
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 11:00 საათზე უზენაესი სასამართლოს შენობასთან აქციას მართავს და საზოგადოებას მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, ხვალ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
"ხვალ არის კულმინაცია იმ პროცესის, რომელიც ამ თვეების მანძილზე გრძელდებოდა. მოვუწოდებთ საზოგადოებას, პარტიებს 11:00 საათზე მობრძანდნენ და გავაპროტესტოთ რუსთავი 2-ის წინაღმდეგ მიმართული ვაკხანალია. შენობასთან გავაპროტესტებთ იმ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.
ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქართველ ხალხს წაართვას სიტყვის თავისუფლება და რუსთავი 2. დღეს ქართული დემოკრატიის მომავალი გადის რუსთავი 2-ზე", - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
საკოორდინაციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, აქციას პერმანენტული სახე ექნება და გაიმართება მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო არ მიიღებს რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
როგორც ცნობილია, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანია "პანორამას"მიაკუთვნეს. უზენაესი სასამართლო ქვეყანაში ბოლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება არ საჩივრდება.