
თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე მან პრეზიდენტ ტრამპს, მის შვილსა და მრჩეველს - ივანკა ტრამპს, ასევე დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.
"უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ვეტყვი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტიორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როცა ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება, საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პროექტები, რომლებსაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მასშტაბურია. ქალებს საქართველოში აქვთ მომავალი და მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ის პროექტების მონაწილეთა სახელით მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ", - თქვა ნინო ზამბახიძემ.
შეხვედრის სრულ ვიდეოს Fox News ავრცელებს.
ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმს მოგვიანებით ტვიტერზე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპიც.