
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დაკავებული არ არის. უწყებაში აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული.
სამართალდამცავები ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მასალებს წარვადგენთ სასამართლოზე და სასამართლო იმსჯელებს კონკრეტულად რას შეუფარდებს. დაკავებული არ არის", - უთხრეს ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ჯაფარიძე დაკავებულია, გირჩის წევრებმა დღეს გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გირჩის წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ის ცნობით, პოლიციას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა, რის გამოც ის ქავთარაძის ქუჩაზე "შეაჩერეს". პოლიციელებს კი "სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა".
შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას.
გირჩის ინფორმაციით კი, უხეში ფიზიკური მოქმედებებით სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც შედიოდა საკუთარი სამსახურის ოფისში.
"ამ ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებმაც სატელეფონო ინსტრუქცია მიიღეს ვინმე ჯემალისგან, წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოდულის წინ), სადაც მათივე თქმით, განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.
განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ჩითილიანი ქოთანი ეჭირა. როგორც გირჩის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ქოთანი პოლიციელებთან სადემონსტრაციო მიიტანეს, რომ სხვისი დაკავების შემთხვევაში, გირჩის წევრებიც ჯგუფურად დაეკავებინათ, როგორც ამ "დანაშაულის ჩამდენები". თუმცა, მათ მხოლოდ ობოლაძე დააკავეს -"ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე".