Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა - თქვენს ანგარიშს თვეში 0.067%-ს ჩამოაჭრიან

$
0
0

2018 წლის იანვრიდან ყველა პირს, რომელსაც თანხა ქართულ კომერციულ ბანკში აქვს განთავსებული, სპეციალური სახელმწიფო ფონდი აზღვევს. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო თქვენი ანაბრიდან/მიმდინარე ანგარიშიდან სავალდებულო წესით, ყოველთვიურად ჩამოჭრის სპეციალურ საკომისიოს. სააგენტო ბანკის გაკოტრების შემთხვევაში 5000 ლარამდე თანხით აგინაზღაურებთ თქვენს ანაბარს. 

სახელმწიფო ფონდში სავალდებულო წესით გაწევრიანდება ყველა მეანაბრე. კანონის მიხედვით, ფონდი მეანაბრეებს ყოველთვიური საკომისიოს (0.067%-ის საკომისიო ლარის დეპოზიტზე, 0.01% საკომისიო უცხოური ვალუტის დეპოზიტზე) საფასურად დააზღვევს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ან ბანკები გაკოტრდებიან, ფონდი დეპოზიტარებს 5 000 ლარამდე თანხას აუნაზღაურებს.

იანვრის შენატანები (ანუ ანგარიშიდან საკომისიოს ჩამოჭრა) თებერვლის 15 რიცხვამდე მოხდება.

ტაბულამ, იმის შესახებ თუ რა სავარაუდო ეფექტს ელოდება მთავრობა აღნიშნული რეფორმიდან და რა მექანიზმით მოხდება ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსთან, ოთარ ძიძიკაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ. ძიძიჯაშვილის განცხადებით, ბანკებმა სისტემაში გაწევრიანებისთვის 100 000 ლარის ოდენობით პირველი საწევრო შენატანები უკვე გადაიხადეს.

რეფორმის აღწერა - რა მოხდება საბანკო კრიზისის შემთხვევაში:

დეპოზიტების დაზვევის სააგენტოს ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის შეფასებით, მთავარი დადებითი ეფექტი, რაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემას ექნება, კრიზისის ეფექტის შერბილებაა.

"დაზღვევის ამოქმედება არამარტო საბანკო სექტორის, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორის სტაბილურობას გაზრდის და ის უფრო დაცული გახდება შოკებისგან. ეს ნიშნავს, რომ კრიზისის (Bank Run-ის) შემთხვევაში ბანკი უფრო ძლიერ პოზიციაში იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. კომერციულ ბანკს რომ დაუდგეს ლიკვიდობის პრობლემა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემთხვევაში ეს პრობლემა სხვა ბანკებზე უფრო ნაკლებად გადავა. 

თუ რომელიმე ბანკი გაკოტრდება, თქვენც ავტომატურად გიჩნდებათ კითხვა, ჩემი ბანკიც ხომ არ გაკოტრდება და ამ მოლოდინის გამო, მოსახლეობის ნაწილი სხვა ბანკებში არსებულ დეპოზიტებსაც გამოიტანს. მოქალაქეები მიდიან და კეთილსინდისიერი ბანკიდანაც გამოაქვთ დანაზოგები, დეპოზიტების გადინების დაწყება კი, სხვა ბანკებზე გადასვლის შემთხვევაში მთლიანად სექტორს უქმნის საფრთხეს. 

როდესაც მოქალაქემ იცის, რომ მისი თანხის უკან არის გარანტია, ის აღარ გამოიტანს დეპოზიტს, ან ნაკლები გადაწყვეტს, რომ გამოიტანოს დეპოზიტი ან არ გამოიტანს", - ამბობს ოთარ ძიძიკაშვილი.

დეპოზიტების რა ნაწილს ფარავს 5 000 ლარამდე ლიმიტი:

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში 20 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული. კანონის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტებზე ამ ანგარიშების ჯამური მოცულობა დაახლოებით 10.8 მილიარდი ლარია.

მეანაბრეთა 96%-ს საკუთარ ანგარიშებზე განთავსებული აქვს 5 000 ლარამდე მოცულობის თანხა, შესაბამისად დეპოზიტების დაზღვევა პრაქტიკულად სრულად მოიცავს ქვეყანაში არსებული მეანაბრეების 96%-ს.

"5 000-ლარიანი ლიმიტი არ არის მცირე, თუმცა ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ვალდებულება რომ ეს ლიმიტი პერიოდულად გადავხედოთ და გავზარდოთ. რეფორმის საწყის ეტაპზე გარკვეული პარამეტრებით შეირჩა 5 000 ლარი", - ამბობს ძიძიკაშვილი.

რა პრინციპით მოხდება ანგარიშებიდან ფონდში ფულის გადარიცხვა:

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ბანკებს შემდეგი სახის გადახდის გაკეთების ვალდებულება უჩნდებათ:

  1. ლარში განთავსებული დეპოზიტებიდან ბანკში არსებულ ნაშთს ყოველი თვის 15 რიცხვისთვის ჩამოეჭრება სადაზღვევო საკომისიო დეპოზიტის 0.067%-ის მოცულობით. ეს კი 5 000 ლარის შემთხვევაში თვეში 3.35 ლარის საკომისიოს ნიშნავს.
  2. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებიდან ბანკში არსებულ ნაშთს ყოველი თვის 15 რიცხვისთვის ჩამოეჭრება სადაზღვევო საკომისიო დეპოზიტის 0.01%-ის მოცულობით. თუ თანხა მაგალითად დოლარშია განთავსებული 5 000-ლარიანი ლიმიტის შემთხვევაში ის $1,966 დოლარს ნიშნავს. ამ თანხიდან ყოველთვიურად $2 დოლარის, ანუ 5 ლარის გადახდა მოხდება. იქიდან გამომდინარე რომ ვალუტის კურსი ცვალებადია უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებს სხვადასხვა თვის განმავლობაში შესაძლოა, სხვადასხვა მოცულობის საკომისიოს გადახდა მოუწიოთ.

რა თანხა აკუმულირდება ფონდში და იქნება თუ არა ეს საკმარისი, რათა კრიზისის შემთხვევაში დეპოზიტარები სრულად დაკმაყოფილდნენ: 

"2018 წელს ჩვენ ვვარაუდობთ 12-დან 13 მილიონ ლარამდე თანხის შემოდინებას. თუმცა ზუსტად რა თანხა შემოვა ეს სხვადასხვა პარამეტრზეა დამოკიდებული, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე, საშუალო ხელფასების მატების ტემპზე, ასევე დანაზოგების მატების ტენდენციებზე და ასევე იმაზეც თუ რა იქნება ვალუტის კურსი, რადგანაც ფიზიკური პირების დეპოზიტების დიდი ნაწილი სწორედ უცხოურ ვალუტაშია, შესაბამისად ბევრი რამ განაპირობებს იმას თუ რა თანხა შეგროვდება ბანკებიდან", - ამბობს ძიძიკაშვილი.

დეპოზიტების დაზღვევის ფონდი გადასახადის სახით მიღებულ თანხას ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე დააბანდეს. ამ თანხით დაბალი რისკიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების შესყიდვა მოხდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ფონდში აკუმულირებულ თანხას გარკვეული საპროცენტო განაკვეთიც დაერიცხება, რაც ფონდის მოცულობის ზრდას ხელს შეუწყობს.

"შეიძლება ითქვას, რომ ფონდის არსებობიდან 5 წლის თავზე, პირველი სამი ბანკის შემდეგ ნებისმიერი ბანკის გაკოტრების, ან მთელი სისტემის მორღვევის შემთხვევაში ფონდში იქნება საკმარისი თანხა, რათა დეპოზიტარები დაკმაყოფილდნენ. კონცენტრაცია საკმაოდ დიდია უდიდეს სამ ბანკში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სამი ბანკიდან რომელიმეს რომ პრობლემა შეექმნას ჩვენ ამ კრიზისის შერბილებას ვერ შევძლებთ.

ფონდში ყოველ წელს გადაირიცხება თანხა, ამას კიდევ დაერიცხება საპროცენტო სარგებელიც, რომელიც 2018 წლისთვის დაახლოებით 7% იქნება", - ამბობს ძიძიკაშვილი.

დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო გამოცდილება:

სახელმწიფოს მიერ დეპოზიტების დაზღვევას, როგორც მეანაბრეთათვის უსაფრთხოების დამატებითი საფეხურის ფართოდ გავრცელებას აქტიურად უჭერს მხარს სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, OECD, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. 

დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 113 ქვეყანაში არსებობს დეპოზიტების დაზღვევის სხვადასხვა სახის ცენტრალიზებული სისტემა. აშშ-ში მსგავსი ინსტიტუტი "ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია" (FDIC) დიდი დეპრესიის შემდეგ დაარსდა და ის 5 844 საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ $6.7 ტრილიონი დოლარის დეპოზიტებს აზღვევს, ფონდის კაპიტალი კი $75 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ში დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი $270 000-ია. 

ევროკავშირის ტერიტორიაზე კი დეპოზიტების დაზღვევის €100 000-იანი ლიმიტი მოქმედებს. კავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ეროვნული სადაზღვევო ფონდი მოქმედებს. 

საქართველომ ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედების ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად აიღო.

მორალური რისკები, რაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემას ახლავს თან:

დეპოზიტების დაზღვევის სისტემას თან გარკევული რისკებიც ახლავს. დაცვის ამ მექანიზმის გარეშე მეანაბრეთა ქონების სტაბილურობაზე პასუხისმეგებელია უშუალოდ კომერციული ბანკი და რეგულატორი (ცენტრალური ბანკი, ან შესაბამისი ფუნქციების მქონე უწყება). 

სისტემაში სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ კი ჩნდება მესამე მოთამაშე. ანუ თანხების სტაბილურობაზე ახლა პასუხისმგებელია: კომერციული ბანკი, რეგულატორი და ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც კრიზისის შემთხვევაში მეანაბრეთა ქონებას სრულად აანაზღაურებს.

დეპოზიტების დაზღვევის თანმდევი მორალური რისკი არის ის რომ სისტემა კომერციულ ბანკებს უბიძგებს განახორციელონ უფრო რისკიანი გარიგებები, რომლებსაც სისტემის არარსებობის შემთხვევაში არ განახორციელებდნენ. ამის მიზეზი კი არის ის რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების ვალდებულება კომერციული ბანკებიდან ნაწილობრივ გადააქვს ფონდზე, რომელიც მზადაა კრიზისის შემთხვევაში მეანაბრეები სრულად დააკმაყოფილოს.

ის რომ ბანკებმა რისკიან გარიგებებში არ მიიღონ მონაწილეობა ბაზრის რეგულატორმა უნდა გააკონტროლოს. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის ბაზელ 3-ის საბანკო რეგულაციებს ნერგავს, რომელიც კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებების უფრო სიღრმისეული კონტროლისა და მათი კაპიტალის ლიკვიდობის შეფასების უკეთეს საშუალებას იძლევა.

კომერციულ ბანკსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში დამატებითი მონაწილის, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის გაჩენამ შესაძლოა, ბაზარზე ზოგიერთი მომხმარებლის ქცევა შეცვალოს. თუ მეანაბრეები თანხის შესანახად წარსულში უპირატესობას ანიჭებდნენ შედარებით სტაბილურ, მაგრამ ნაკლები საპროცენტო განაკვეთის მქონე ბანკებს, მათმა ნაწილმა სახელმწიფოს გარანტიის გამო შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს უფრო რისკიან კომერციულ ბანკებს, რომლებიც შესაბამისად უფრო მაღალ სარგებელს იძლევიან. ასეთი ბანკის გაკოტრების შემთხვევაში გამოვა, რომ უფრო სტაბილური საბანკო დაწესებულებების კლიენტებმა მათ მიერ გადახდილი საკომისიოებით დააფინანსეს ის პირები, რომლებმაც დეპოზიტები უფრო რისკიან დაწესებულებებში განათავსეს.

რა არის კრიზისის ალბათობა

ის თუ რა არის საბანკო კრიზისის ალბათობა მაგალითად, მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში რთული დასადგენია, თუმცა მის დაბალ ალბათობაზე დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადასარიცხი საკომისიოს მცირე მოცულობაც (0.01%) მეტყველებს.

ქართული
დეპოზიტების დაზღვევაბანკებიკომერციული ბანკიეროვნული ბანკიდეპოზიტების დაზღვევაNews ItemპოლიტიკაეკონომიკაDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>