31 ოქტომბერს ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.62 ლარამდე გაიზარდა, რაც ვაჭრობის დაწყებისას არსებულ 2.59-ს 3 თეთრით აღემატება. სავარაუდოდ, აღნიშნული ზრდა სებ-ის ოფიციალურ კურსზეც იმოქმედებს.
30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.61 თეთრით გაუფასურდა, რის შდეგედაც დოლარის ღირებულებამ 2.5873 ლარს მიაღწია. დღესვე ლარი ევროსთან მიმართებით 3.4 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 3.01 ლარი გახდა.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ-ი კურსის მოკლევადიან მერყეობასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ აკეთებს.
"ზოგადად, თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ექსპორტი კარგად იზრდება, ასევე იზრდება ფულადი გადმორიცხვები, თუმცა საგარეო შოკამდე არსებული დონისთვის კიდევ არ მიუღწევია ამას. ასევე იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები და ერთ-ერთი მათგანი არის მოლოდინები. მე ზოგადად მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია,"- ამბობს გვენეტაძე.
დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წლის 22 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.78 ლარი ღირდა.