
2017 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში უცხოეთის 4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 17%-ით მეტია. წელს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7), სომხეთიდან (+18%) და რუსეთიდან (+35%) შემოვიდა. ტურიზმის მხრივ ყველაზე აქტიური თვე ივლისი იყო, ამ პერიოდში საქართველოში 982 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
იმას თუ რას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში ქვეყნის ეროვნული ბანკი ითვლის. სებ-ის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მყოფმა უცხოეთის მოქალაქეებმა $1.1 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია.
უფრო კონკრეტულად კი წლის პირველ კვარტალში უცხოელების დანახარჯებმა $434 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია. მეორე კვარტალში კი ტურისტების დანახარჯებმა $657 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.
ტურიზმზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7% მოდის.
ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება: (იანვარი-ივლისი)
- აზერბაიჯანი - 927 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 8.7%
- რუსეთი - 716 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%
- სომხეთი - 851 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18%
- თურქეთი - 672 ათასი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 12%
- ირანი - 164 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 169%
- უკრაინა - 84 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18%
- ისრაელი - 66 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 43%
- ყაზახეთი - 32 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 19%
- ინდოეთი - 31 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 100%
- პოლონეთი - 28 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 20%
რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი
ამ 4 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 1.8 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.
სასტუმროების სტატისტიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის ბოლოსთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 11.6 ათასი საწოლია.
ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:
2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.