საქსტატმა დღეს ივლისის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფასები 6%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით მაღალია ფასების ზრდა ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 12%-ს შეადგენს.
ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაზრდილი ინფლაციის შემცირება მხოლოდ გადასახადების შემცირებითაა შესაძლებელი.
"განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 12,6%, რაც "ქართული ოცნების" მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.
ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე - პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. ფასების საგრძნობი ზრდაა მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სექტორში.
გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. სამწუხაროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.
გამოსავალია "ევროპული საქართველოს"მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.